მითია, რომ სახელმწიფო ცუდი მენეჯერია. მე თავიდანვე ანაკლიის პორტის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებას დავუჭერდი მხარს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ბექა ნაცვლიშვილმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორს უთხრა, რომ მისგან ვერ მოისმინა დასაბუთება, რატომ არ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი სახელმწიფომ. გარდა ამისა, მან პორტის საპენსიო ფონდის თანხებით აშენებაზე ისაუბრა.
„მე მაგალითად, თავიდანვე ანაკლიის პორტის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებას დავუჭერდი მხარს. კი, ამბობთ, რომ რისკები არის და უნდა გადანაწილდეს, ასევე ამბობთ, რომ რისკები არ არის და პროექტის მიზანშეწონილობის კვლევა გაქვთ, რომელიც ამბობს, რომ პორტი ყველა შემთხვევაში დაიტვირთება, ჩინეთიც რომ არ ჩაერთოს ამაში. დავუშვათ, რომ რისკები არაა. მაშინ სახელმწიფომ რატომ არ უნდა გააკეთოს ეს პროექტი?
52 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში გადავა პორტი, ღმერთმა იცის გეოპოლიტიკურად რა მოხდება ამ რეგიონში. შეიძლება მართლაც, კომერციულად ყველაზე დატვირთული პირველი 30 ან 40 წელი იყოს, ამიტომ მე ვერ ვხვდები ეს ყველაფერი რატომ არ უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს. მთელი სახელმწიფო ფონდის თანხები, რომელიც მალე ავა 5 - მილიარდზე და ასე შემდეგ, ამ თანხას საპენსიო ფონდი ვერაფერში ვერ გამოიყენებს... რა კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში, ვინ უნდა გამოუშვას აქციები? ამიტომ საერთოდ არ ვეწინააღმდეგები, რომ პროექტი მთავრობამ განახორციელოს და საწინააღმდეგო არგუმენტი ვერც თქვენგან მოვისმინე,“ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
თავის მხრივ, აღნიშნულზე ახვლედიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო „ცუდი მენეჯერია“ და ამ პროექტის განხორციელების ოპტიმალური მოდელი კერძო-საჯარო პარტნიორობაა.