ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ, რა თქმა უნდა, კონსორციუმის ნებისმიერ მცდელობას, რომ შეკრას პროექტის დაფინანსება და პროექტი დროულად დაიწყოს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კომპანია "მერიდიანის" მხარდაჭერის საკითხს ეხებოდა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ, რა თქმა უნდა, კონსორციუმის ნებისმიერ მცდელობას, რომ შეკრას პროექტის დაფინანსება და პროექტი დაიწყოს დროულად. რასაკვირველია, ნებისმიერი ჯგუფის წევრი, ვინც შემოვა და აიღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას, ჩვენთვის არის მისასალმებელი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ჟურნალისტებმა მინისტრს კითხვა დაუსვეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ანაკლიის პროექტის აქციონერები იძულებულები იქნებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა დაიწყონ.
„ალბათ, ჩვენ უფრო ოპტიმისტურად ვაფასებთ შესაძლებლობებს, ვიდრე კონსორციუმი, რაც ნამდვილად სამწუხაროა. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ არის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში კარგად იმუშავოს კონსორციუმმა და შეასრულოს მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ჩვენ ხელს ვუწყობთ, ყველა ჩვენი განცხადებით ვადასტურებთ, რომ ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული პროექტი და სახელმწიფო მხარს უჭერს და კიდევ უფრო მეტად დაუჭერს ანაკლიის პორტს. ესეც არის უკვე ძალიან დიდი სტიმული იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მოხერხდეს და ვალდებულებები შესრულდეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი ინფორმაციით, ანაკლიის პროექტის განხილვის საკითხზე პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით პირადად მასთან შეთავაზება არ ყოფილა.
"ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი მოწვევა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი ყოველთვის ღია არის კომუნიკაციისთვის ამ თემაზე, ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ ყველა კითხვას, რაც კი შეეხება ანაკლიას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი სტრატეგიული პროექტია, უბრალოდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინვესტორი დაკონცენტრირდეს ამ დარჩენილ ვადებში თავის ვალდებულებების შესრულებაზე და ამას ზედმეტი აჟიოტაჟი და პოლიტიკურ ჭრილში საკითხების გადატანა მხოლოდ ვნებს”, - განაცხადა თურნავამ.