პედაგოგების ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა ეტაპობრივად მოხდება.

როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალ სისტემას უნდა მოერგოს.

თამარ სანიკიძის განცხადებით, 2015 წლისთვის რა რესურსები იქნება მიმართული პედაგოგთა ხელფასების ზრდისთვის, ნოემბერში იქნება ცნობილი და დეტალურ კომენტარსაც ამის შემდეგ გააკეთებს.

"რაც შეეხება შემდეგ ზრდას, 2016-2017 წლებიც იქნება ხელფასების მატების მხრივ მზარდი. პედაგოგის ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს, რომელსაც დღეს ძალიან ჩამორჩება", - განაცხადა სანიკიძემ.