ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ორგანიზებით პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, მათი ორგანიზებით, ახალი პროექტის ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წამყვან ტურ-ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს და საქმიანი კონტაქტები დაამყარეს.
ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ინდონეზიიდან უმსხვილესი 34 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ.
„დღევანდელი ღონისძიება თავისი მასშტაბურობით და მნიშვნელობით გამოირჩევა, ჩვენ საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში მსოფლიო დონის ტურისტული კომპანიები ჩამოვიყავანეთ, ქართულ კომპანიებს დღეს ჩვენ საშუალება მივეცით, რომ 34 საერთაშორისო უმსხვილესს ტურისტულ კომპანიასთან დაემყარებინათ საქმიანი ურთიერთობები. მოწვეულ კომპანიებს გავაცანით საქართველოში სხვადასხვა ტურისტული პროდუქტები, ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, საგამოფენო პავილიონები და ა.შ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, ასევე საქმიანი ტურიზმის პოზიციონირებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი კერძო სექტორის მხარდაჭერისათვის, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და „თურქეთის ავიახაზების“ გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში შერაფეთთინ ექიჯმა სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში სიტყვით მიმართეს.
მასშტაბური პროექტის განხორციელებისას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლაპარაკება გამართა ავიაკომპანია „Turkish Airlines“-თან. შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია ახალი პროექტის მხარდამჭერია. ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „Turkish Airlines“-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გამართულ პირველ მასშტაბურ ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულეს, სადაც ადგილზე გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.