გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის კვლევების ეროვნულ ინსტიტუტთან (INRA) თანამშრომლობას აღრმავებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების შემუშავებას და უწყებების დაქვემდებარებაში არსებულ ბაზებზე გაშენებული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლას, ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ საველე სამუშაოებსა და ექსპერიმენტების ჩატარებას გულისხმობს.
„ჯიღაურას ვენახის კოლექციაში დაცული ქართული კულტურული და ველური ვაზის ჯიშები წარმოადგენს იშვიათ მრავალფეროვნებას, რომელიც, უმეტესწილად, ნათესაურ კავშირში არ არის ევროპის გენეტიკურ რესურსებთან. სწორედ ამიტომ, არსებობს საერთო ინტერესი, ეს სამეცნიერო მეთოდებით უკეთ იქნას აღწერილი და შემდეგ შედარებული INRA-ში არსებულ საერთაშორისო გენეტიკურ რესურსებთან. თითოეული კოლექციის სიმდიდრე, რომელიც ასახავს რეგიონულ მრავალფეროვნებას, არის საერთო ინტერესი კონსერვაციისთვის, დახასიათებისა და სამეცნიერო მიზნებისათვის“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
თანამშრომლობის ფარგლებში დასახული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საფრანგეთის სოფლის მეურნეობის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მევენახე-მეღვინე მეცნიერთა ჯგუფის ჩართულობით შეიქმნება ერთობლივი სამეცნიერო კომიტეტი.
აღსანიშნავია, რომ INRA-ს დაქვემდებარებაში მყოფი ვასალ მონპელიეს ვაზის ბიოლოგიური რესურსების ცენტრი და ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა, 10 წლის განმავლობაში, მრავალმხრივი მიმართულებით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში წარმატებულად თანამშრომლობდნენ.