ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი - არასამართლიანია განცხადება, რომ ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო მძევლად ავიყვანოთ - მძევლად ვინ ვინ აიყვანა, კიდევ საკითხავია

არასამართლიანია განცხადება, რომ ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო მძევლად ავიყვანოთ. კორექტულად რომ ვთქვა, მძევლად ვინ ვინ აიყვანა, ეს კიდევ საკითხავია,- ასე უპასუხა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეკითხვას.

აკაკი ზოიძის თქმით, არსებობს „მძევლად აყვანის“ ტაქტიკა, როდესაც თავდაპირველად კომპანია კარგი პირობებით შედის ტენდერში და გამარჯვების შემდეგ ახალ მოთხოვნებს აყენებს. ზოიძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ანაკლიის პორტის ტენდერში კონსორციუმმა გაიმარჯვა და არა მისმა კონკურენტმა, ის იყო, რომ სხვა კანდიდატს ის მოთხოვნები ჰქონდა, რასაც დღეს კონსორციუმი აყენებს.

ლევან ახვლედიანის თქმით, კონტრაქტის პირობები მოლაპარაკებადი იყო. მისივე განცხადებით, მძევლად აყვანაზე საუბარი არაა და დამატებითი მოთხოვნები, რომელსაც ინვესტორები აყენებენ, მათ შორის 150-მილიონიან საგარანტიო ფონდთან დაკავშირებით, მთავრობას „გაზაფხულიდან მაგიდაზე ედო“.

„ტენდერის პირობები იყო ძალიან მარტივი. იყო ხელშეკრულება, სადაც დასაწყისში დიდი ასოებით, წითლად ეწერა, რომ ამ ხელშეკრულების ყველა პირობა იყო მოლაპარაკებადი, ერთი პირობის გარდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო მართული ხელშეკრულება. კონსორციუმმა გადავწყვიტეთ ამ მოლაპარაკებებში შევსულიყავით, სხვებმა გადაწყვიტეს, რომ არ შესულიყვნენ, ამიტომ არ მგონია ჩვენს რომელიმე კონკურენტს პრეტენზია ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვითხოვთ სუვერენულ გარანტიას. ჩვენ არც ამ 150-მილიონიანი ფონდის შექმნას ვითხოვთ. ეს მოთხოვნილია ჩვენი ინვესტორი ბანკების მიერ,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, კონსორციუმმა მთავრობას ტვირთბრუნვის საკითხთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ალტერნატივა წარუდგინა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება 150 მლნ დოლარიანი მექანიზმი, რომელშიც კონსორციუმის არსებული თუ ახალი ინვესტორები მონაწილეობას 50 მლნ დოლარით მიიღებდნენ. დამატებით, ევროკავშირმა გამოთქვა სურვილი, რომ 50 მლნ დოლარით მიიღოს მონაწილეობა და ევროკავშირმა წინაპირობა დააყენა, რომ მთავრობამაც 50 მილიონი დოლარით მიიღოს მონაწილეობა ამ გარანტიაში. ახვლედიანის თქმით, ჯერჯერობით აღნიშულზე მთავრობასთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.