ლევან ახვლედიანი - თუ 3 ძირითად საკითხზე მთავრობასთან შეთანხმება მოხდება, ანაკლიის პორტის მშენებლობა 6 თვის თავზე დაიწყება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ თუ 3 ძირითად საკითხზე მთავრობასთან შეთანხმება მოხდება, ანაკლიის პორტის მშენებლობა 6 თვის თავზე დაიწყება.

პარლამენტში შეხვედრაზე, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის საპასუხოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმება ვერ მოხდა და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო არბიტრაჟში იურიდიული დავა დაიწყო, არბიტრაჟი დაახლოებით 1,5-2 წელი გაგრძელდება.

„თუ მოხდა ისე, რომ მთავრობამ ხელშეკრულება გაგვიწყვიტა, იძულებულები გავხდებით, რომ წავიდეთ საერთაშორისო არბიტრაჟში, ამის გასაკეთებლად საკმაოდ მკაფიო საფუძველი გვაქვს. ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით 1,5- 2 წლის განმავლობაში.

მეორე მხრივ, თუ იმ სამ საკითხზე, რომელზეც ვისაუბრე, შევთანხმდებით და მთავრობა წამოგვყვება, ჩემი გადმოსახედიდან, დღეს სადაც დგას პროექტი, საჭირო იქნება კიდევ 6 თვე, რომ ყველა მოლაპარაკება დაიხუროს და ამ 6 თვის თავზე ბარი იყოს დარტყმული და მშენებლობა დაწყებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ეს სამი საკითხი გადაიჭრება, პროექტს ბოლომდე მივიყვანთ,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ იმ სამ საკითხს, რომელზეც ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა, ეს საკითხები ეხება ინვესტორების მხარდაჭერას, ინვესტორი ბანკების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიის მოთხოვნას და პორტის ოპერატორის, ამერიკული SSA MARINE-ის მოთხოვნას, რომელიც იმას უკავშირდება, რომ მთავრობა სხვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში არ ჩაერთვება.