საზოგადოებრივი მაუწყებელი აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარს ამბობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად მაუწყებელი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, „პირველი არხი“ ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.

„მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი არხი ამ გადაწყვეტილებით უარს ამბობს იმ შემოსავალზე, რომელიც სრულად ხმარდება სპორტული ტრანსლაციების ლიცენზიების შეძენას, მათ მომსახურებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ვთვლით, რომ აზარტული თამაშების უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს პირველ არხი მთლიანად იზიარებს და ამ გადაწყვეტილებით სრულად ეთანხმება საზოგადოების მოთხოვნას. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას,“-აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში.

აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება წლებია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში. „პალიტრა მედიას“ აზრით, ერთ-ერთი მთავარი როლი კი ამ პრობლემასთან საბრძოლველად მედიას ეკისრება. სწორედ ამის გამო, „პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, 2016 წლის 15 თებერვლიდან გადაწყვიტა, სათამაშო ბიზნესიდან შემოსული მნიშვნელოვანი სარეკლამო შემოსავლის მიუხედავად, აეკრძალა საკუთარ მედიასაშუალებებში აზარტული თამაშების რეკლამა.

"პალიტრა მედია“ საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას მიესალმება და სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და უარი თქვან აზარტული თამაშების რეკლამირებაზე.

თაია არდოტელი