არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამ თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თავი თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარდაცვლილთა ასაკი, რომელიც 14-წლიდან 31-წლამდე მერყეობს.
„დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მოითხოვენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებამ „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დამუშავებული კანონპროექტი 9 თვის განმავლობაში თაროზეა შემოდებული და აუცილებელია დაიწყოს მისი საპარლამენტო და საკომიტეტო მოსმენები. გაგვაგებინოს მთავრობამ, რას ფიქრობს, რა აქვს ჩაფიქრებული. თუ იმას ფიქრობენ, რომ 2020 წელი მოდის და ეს მსუყე ლუკმა იქნება, ნურას უკაცრადავ, ჩვენ მანამდე მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენ მანამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება კანონპროეტის განხილვები უკვე დაიწყოს“, - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ „დედები აზარტული თამაშების წინააღდეგ“ წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მეორედ დაარეგისტრირა, რადგან კანონპროექტის პირველადი ვერსია პარლამენტმა არ განიხილა. დეპუტატი ამბობს, რომ კანონპროექტის განახლებული ვერსიით სრულად იკრძალება ნებისმიერი სახის აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა.
2020 წლის 1-ლი იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. სათამაშო ბიზნესის რეკლამა 2016 წლის 15 თებერვლიდან აკრძალულია „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ყველა პლატფორმაზე.
ცნობისთვის, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,05 მილიარდი იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებლი 13,806 მილიარდამდე გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ვაჭრობის შემდეგ სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა საგრძნობლად უსწრებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და სხვა.
ალექსანდრა ისპირიანი