„დოიჩე ბანკმა“ რესტრუქტურიზაციის ფონზე 832 მილიონი ევრო დაკარგა

„დოიჩე ბანკმა“ 2019 წლის მესამე კვარტალში 832 მილიონი ევროს ოდენობით წმინდა ზარალი განიცადა. ამის შესახებ CNBC წერს.

2018 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგებამ 229 მილიონი შეადგინა, თუმცა წლის მეორე კვარტალში დანაკარგი 3.15 მილიარდი ევრო იყო.

„ამ კვარტალში ჩვენი შედეგები გეგმის მიხედვით მიდის. ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ და ვფიქრობთ, ამ ზაფხულს სტრატეგიული ცვლილებების შესახებ გამოვაცხადებთ. ჩვენი წმინდა ზარალი იმაზე უკეთესია, ვიდრე დაგეგმილი იყო“, - განაცხადა „დოიჩე ბანკის“ მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ანეტ ვაისბახმა.

მსხვილი გერმანული გამსესხებელი პრობლემების წინაშე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდიდან დადგა. როგორც CNBC წერს, ბანკს დაეკისრა მილიარდობით დოლარის ოდენობით ჯარიმები, ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, როგორც კომერციული ისე საინვესტიციო პრობლემები გაჩნდა და „დოიჩე ბანკში“ მენეჯმენტი შეიცვალა.

წლის დასაწყისში, „დოიჩე ბანკმა“ ბიზნესის ასაღორძინებლად ფართო რესტრუქტურიზაციის გეგმა დააანონსა. ამავდროულად, „დოიჩე ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან სოუინგმა განაცხადა, რომ გამსესხებელი საინვესტიციო საქმეს დაიბრუნებს და ათასობით სამუშაო ადგილს შეამცირებს. 2022 წლისთვის, გერმანული ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 18 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.

2019 წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის, „დოიჩე ბანკმა“ განაცხადა, რომ 89 958 დასაქმებული ჰყავს - წინა წელთან შედარებით, მათი რაოდენობა 5%-ით არის შემცირებული.

მარიამ მენაბდიშვილი