კომპანია Anglo American-ის ბრილიანტების ქვეგანყოფილებამ De Beers-მა გამოაცხადა, რომ მისი წლევანდელი ბიუჯეტი რეკლამაზე შარშანდელზე დიდი იქნება. გასულ წელს კომპანიამ რეკლამაზე 170 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კომპანიის სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვანელზე ესტერ ობერბეკზე დაყრდნობით წერს.
„წელს მარკეტინგზე დახარჯული თანხა ათწლიან მაქსიმუმს დააფიქსირებს“, - განაცხადა მან.
De Beers-ის ყურადღების ცენტრში ორი საკვანძო ბაზარი რჩება: აშშ და ჩინეთი, ხოლო პროდუქციას შორის ძირითადი აქცენტი გაკეთდება საქორწილო სასაჩუქრე პროდუქციაზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი თავისთვის უყვართ ისეთი ნივთების შეძენა, რომლებიც ბრილიანტებითაა გაწყობილი.
როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ბრილიანტების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება. ასე მაგალითად, 2013 წელთან შედარებით 2017 წელს იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც საქორწილო ბეჭდად ბრილიანტს ირჩევენ, გაზრდილია 7-დან 14%-მდე. ამასთან, ამავე საანგარიშო პერიოდში ქალები სულ უფრო ძვირად ღირებულ ბეჭდებს ყიდულობდნენ და საშუალოდ 4,4 ათას დოლარს ხარჯავდნენ თითო ბეჭედზე. კაცები კი ბრილიანტის ნაკეთობებზე საშუალოდ 3,3 ათას დოლარს ხარჯავდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბრილიანტზე მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნა 2%-ით 76 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ყველაზე მეტად (5%) გაიზარდა მოთხოვნა შტატებსა და ჩინეთში. აშშ-ში გასულ წელს ბრილიანტების საიუველირო ნაწარმის გაყიდვებმა 36 მილიარდი დოლარი შეადგინა.