გამყინვარება უცხოურ ინვესტიციებში

მეორე კვარტალში კაპიტალდაბანდების მხრივ თვალში საცემი ვარდნაა

2014 წლის მე-2 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში რამდენიმე ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება, თუმცა ინვესტიციების კლება ენერგოსექტორშიც შეინიშნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მე-2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 151 მილიონი დოლარი შეადგინა. ინვესტიციები შემცირებულია 2014 წლის პირველ კვრატალთან (265 მილიონი დოლარი) და 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. შარშან მე-2 კვარტალში ქვეყანაში 208 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ანუ 57 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე წელს. 2012 წლის მე-2 კვარტალში კი ქვეყანამ 218 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო.

მთავრობის მიერ გაცხადებული ენერგეტიკული პროექტების ფონზე, მოლოდინი არსებობდა, რომ წელს ყველაზე მეტ ინვესტიციას ენერგეტიკის სექტორი მიიღებდა, თუმცა ამ მიმართულებითაც კაპიტალის შემოდინების მაჩვენებელი იკლებს. ენერგოსექტორმა, პირველ კვარტალთან შედარებით, მეტი ინვესტიცია მიიღო, თუმცა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, შემცირების ტენდენცია აშკარაა. კერძოდ, 2014 წლის მე-2 კვარტალში ენერგეტიკაში 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2013 წლის მე-2 კვარტალში - 71 მილიონი დოლარი, 2012 წელს - 59 მილიონი დოლარი.

ყველაზე მეტი კაპიტალი უცხოელებმა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში დააბანდეს - 101 მილიონი დოლარი. ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ინვესტიციები მუდმივად იზრდება დამამუშავებელ მრეწველობაში. 2014 წლის მე-2 კვარტალის მიხედვით, ამ სექტორმა 58 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო, ანუ 30 მილიონი დოლარით მეტი 2013 წელთან (28 მილიონი) შედარებით, ხოლო 24 მილიონით მეტი 2012 წელთან (34 მილიონი) შედარებით.

28 მილიონი დოლარით გაიზარდა ინვესტიცია უძრავ ქონებაშიც (2014 წელს - 41 მილიონი დოლარი, ხოლო 2013 წელს - 13 მილიონი დოლარი), თუმცა ინვესტიციები განახევრდა სამშენებლო სექტორში. წელს მშენებლობამ მხოლოდ 21 მილიონი დოლარის უცხოური კაპიტალი მიიღო მაშინ, როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში ამ სექტორში 49 მილიონი დოლარი შემოვიდა.

პირველი ინვესტორი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს ნიდერლანდები. ამ ქვეყნის ინვესტორებმა საქართველოში 93 მილიონი დოლარი შემოიტანეს. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი (77 მილიონი), მესამეზე - ლუქსემბურგი (48 მილიონი), მას მოსდევს თურქეთი (25 მილიონი), რუსეთი (18 მილიონი) და ამერიკა (15 მილიონი).

რაც შეეხება პირველ კვარტალში განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის 1-ელ კვარტალში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2013 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებს 15 პროცენტით, ხოლო მეოთხე კვარტალის წინასწარ მონაცემებს 20 პროცენტით აღემატება. შარშან პირველ კვარტალში ქვეყანამ 226 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო, 2012 წელს - 261 მილიონი დოლარი, ხოლო 2011 წელს - 2010 მილიონი დოლარი.

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ინვესტიციების ზრდას არც ელოდა. ის გათვლები და კრიტერიუმები, რომლითაც ბიზნესს ლონდონის ბირჟებსა და მანჰეტენზე ანგარიშობენ, საქართველოსთვის არ გამოდგება.

"ეს არის ძალიან ღარიბი ქვეყანა, რომელსაც განსხვავებული ტიპის მიდგომა სჭირდება. გარდა ამისა, კოაბიტაცია, სასამართლო (რომელიც აყადაღებს ყველა ფირმას), სხვადასხვა გაურკვეველი პროცესები ინვესტორებს აფრთხობს. ამან გამოიწვია ის, რომ საქართველოში ინვესტორი არ მოდის. ფონდებს კი პროექტები არ აქვთ", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე  "რეზონანსთან" საუბრისას ხაზს უსვამს, რომ საქართველო მეურნეობების პრინციპებიდან ვერ გამოვიდა. ამასთან, პოლიტიკური სიმყარე, სამთავრობო რგოლების ბიზნესში ჩარევა - ინვესტორს პროგნოზირებას ურთულებს. ამიტომაც წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში საქართველოში არც ერთი სერიოზული ფინანსური ჯგუფი არ შემოდის.

"ჩვენ სამეწარმეო გარემოზე სწორი წარმოდგენა არ გვაქვს. ქვეყანაში ტრადიციად ჩამოყალიბდა ორი ეკონომიკის აგება. ერთი "კარგი ეკონომიკა", კარგი პირობებით უცხოელებისთვის და მეორე უუფლებო, გათელილი ადგილობრივი მეწარმეებისთვის. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

ამიტომ უნდა შექმნა ერთი ეკონომიკა, რომელიც თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ნორმებზე იქნება დაფუძნებული. კერძო ინვესტორები კი პარტნიორებს პრეზიდენტების და მთავრობის წევრების გარეშე მოძებნიან",- ამბობს დემურ გიორხელიძე და განმარტავს, რომ ინვესტორს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რაიმე პრობლემის შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს, რომელიც დავას ობიექტურად, მოკლე პერიოდში გადაუწყვეტს.

საერთო ჯამში, წლეულს ორ კვარტალში ქვეყანაში 416 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, შარშან ორი კვარტალის მონაცემებით კი, უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოში 460 მილიონი დოლარის თანხა დააბანდეს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"