მოველით, რომ საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მომიხილვისას აცხადებს.
როგორც კობა გვენეტაძე ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშზე საუბრისას ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ქვეყანაში დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა.
" დაბალი ინფლაცია, თავის მხრივ, აუცილებელია ეკონომიკისა და დასაქმების გრძელვადიანი ზრდის მისაღწევად. წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტის ფარგლებშია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის მთავარი ხელშემწყობი საგარეო მოთხოვნა იყო, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდაში გამოიხატა. რუსეთიდან ფრენების აკრძალვის ფონზე, ივლისიდან ტურისტული შემოსავლები შემცირებულია, თუმცა სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება. სექტემბერში, პირველად, ევროკავშირიდან მიღებულმა ტურისტულმა შემოსავალმა რუსეთიდან მიღებულ ტურისტულ შემოსავლებს გადააჭარბა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან იზრდება ფულადი გზავნილებიც. ეს ყველაფერი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე აისახება, რომელმაც 2019 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6% შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებამ ბოლო წლებში ტენდენციის სახე მიიღო. შედეგად, ჩვენ მოველით, რომ საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს.
მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებია. როგორც მოგეხსენებათ, სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-მა ოქტომბერში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB-მდე გაზარდა, რითაც მისი რეიტინგი, ცოტა ხნით ადრე Moody’s-სა და Fitch-ის მიერ გაზრდილ რეიტინგებს გაუთანაბრდა. რეიტინგის ზრდის მნიშვნელოვან მიზეზად, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ლარის მცურავი გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკა დასახელდა, რაც საგარეო მდგრადობისთვის ფრიად მნიშვნელოვანია,"-აცხადებს გვენეტაძე.
მისივე თქმით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთჯერად ფაქტორებს, როგორიცაა სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა და რომლის წვლილი ფასების ზრდაში 0.9 პროცენტული პუნქტი იყო, 3.3 პროცენტული პუნქტით სურსათის გაძვირება დაემატა. ამავე დროს, გაიზარდა ინფლაციაზე ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან გადმოცემაც.
" სექტემბრის ორ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ჯამში 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე არ ამოიწურებოდა. დღევანდელი მდგომარეობით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციის ზრდას იწვევს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 23 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასებზე. მონეტარული პოლიტიკის საჭირო გამკაცრება საგარეო სექტორის დადებით დინამიკასთან ერთად, პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის და გაცვლითი კურსის გამყარებას უწყობს ხელს, რაც მომავალში ინფლაციის კლებას გამოიწვევს. ამასთანავე, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე ეტაპობრივად, სხვა არხებითაც, შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას. საშუალოავადიან პერიოდში კი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტია,"-აცხადებს გვენეტაძე.