საზღვრის გადაკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფატზე 3 პირი, მათ შორის პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები დაუკავშირდნენ პირობითი გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფ პირს, რომელსაც ჰქონდა შეზღუდვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით და დაარწმუნეს, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შეეძლოთ არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პატრულ-ინსპექტორზე, რომელიც თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მისცემდა შესაძლებლობას პირს შეუფერხებლად გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა მოქალაქეს 5 000 აშშ დოლარი გამოართვეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 და 332-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.