კახეთის, კერძოდ, სიღნაღის სოფელ საქობოში ზეთისხილის სეზონი გაიხსნა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ასევე, ჰოლანდიური და თურქული ინვესტიციებით შეიქმნა. საუბარია, ჯამში 5 მლნ ლარის ინვესტიციაზე.
როგორც East Fruit წერს, ზეთისხილის ბაღები 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, სადაც 800 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ კი ზეთისხილის მოსავლის გაორმაგება იგეგმება.
ამასთან, გადამამაუშავებელი საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. გარდა ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთისა, რეალიზაციაშია პროდუქტისგან დამზადებული საპონიც, რომელიც ექსპორტზეც გადის.
„მსოფლიოში ჯანსაღი საკვების მიმართ მზარდ მოთხოვნილებასთან ერთად, ზეთისხილის პოპულარობაც იზრდება. ამ პროდუქტს აქვს ექსპორტის დიდი პოტენციალი. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში უკვე მოხდა ზეთისხილის ბაღების გაშენება და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება ამ კულტურის წარმოება. ზოგადად, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის სიძლიერე ხეხილია, ზეთისხილის მზარდი წარმოება კი დიდი წვლილს შეიტანს დარგის განვითარებაში“,-აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ცნობისთვის, 2019 წლის ივნისში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (International Olive Council, IOC) გადაწყვეტილებით, საქართველო IOC-ს წევრი გახდა. მეტიც, 2020 წელს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომას საქართველო უხელმძღვანელებს.