„სი ეი ინთერნეიშენალის“ დირექტორის სანდრო შელიას განცხადებით, თბილისში ხურდაზე მომუშავე 17 000 ლიფტი ფუნქციონირებს. თითოეულ ლიფტში განთავსებულ რკინის ყუთში თვეში დაახლოებით, 300 ლარის მონეტები იყრება. წლის განმავლობაში დაგროვილი თანხის მოცულობა კი დაახლოებით, 61 200 000 ლარს აჭარბებს. აღნიშნული თანხები გადასახადის სახით არ დეკლარირდება და არ კონტროლდება, რამდენად ხმარდება მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადი ლიფტის გამართულად მუშაობას.
ამასთან, არ არსებობს კონკრეტული სამსახური, რომელიც ლიფტების ექსპლუატაციის ვადებსა და მის გამართულობას შეამოწმებს.
„სი ეი ინთერნეიშენალის“ დირექტორის სანდრო შელიას განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, ლიფტზე პასუხისმგებელია მისი მფლობელი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში არის ამხანაგობა.
„რაც უფრო ცუდ მდგომარეობაშია ლიფტი, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ მოსახლეობას, რომელიც კონკრეტულ კორპუსში ცხოვრობს, არ გააჩნია ლიფტის მოვლის ხარჯების გაღების საშუალება. ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, თანხების აკრეფის პროცესის მოდერნიზაცია და ტექნოლოგიების გამოყენება ყოველთვის არის საჭირო იმისთვის, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს და ჩანდეს, რომ ეს თანხები მართლაც მიზნობრივად იხარჯება. ეს ამხანაგობის თანხებია და მათ აქვთ სრული უფლება, იცოდნენ, როგორ იხარჯება ის. ძალიან ბევრ შემთხვევაში, როცა უბედური შემთხვევა ხდება, საბოლოო ჯამში, გამოძიებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე დიდი როლი ამაში ითამაშა არა ტექნიკურმა გაუმართაობამ, როგორც ასეთმა (რა თქმა უნდა, ესე არის), არამედ, ძირეულად იმანაც, ადამიანი, რომელიც ამას ემსახურება, არ არის კვალიფიციური“, - განმარტა სანდრო შელიამ.
ამხანაგობების ნაწილის ხელმძღვანელთა განმარტებით, ფასიანი ლიფტებიდან ამოღებული თანხა ძირითადად, მის მომსახურებასა და შეკეთებაში იხარჯება. იმ შემთხვევაში, თუ ლიფტს ძვირადღირებული ნაწილი აქვს შესაკეთებელი, შესაძლოა, კორპუსის მცხოვრებლების მიერ დამატებითი თანხის შეგროვების საჭიროება დადგეს, თუმცა შემდეგ, ფინანსები რამდენად მიზნობრივად ნაწილდება ლიფტის საჭიროებებზე, უცნობია. აღნიშნული თანხის მონიტორინგს ვერც მოსახლეობა და ვერც რომელიმე ორგანიზაცია უზრუნველყოფს, მათ შორის, ვერც თბილისის მერია.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ექსპლუატაციაში შესული კორპუსის მობინადრეებს ეხებათ ყველაფერი, რაც მათ საცხოვრებელში ხდება და არა თბილისის მერიას.
ერთ-ერთი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ოთარ გიორგაძის განცხადებით, ლიფტის გაუმართაობაზე ამხანაგობა დროულად რეაგირებს.
„თუ ლიფტი არ მუშაობს, მე მომმართავენ, როგორც თავმჯდომარეს. მე, როგორც წესი, ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას და დროულად ვიღებ ზომებს. თუ ლიფტი არ მუშაობს, არსებობს დაზიანების ბიურო, პირველ რიგში, ვრეკავთ ოპერატორებთან, ვეუბნებით მისამართს. ისინი აგზავნიან მექანიკოსებს“, - განმარტა მან.
მიუხედავად იმისა, რომ კორპუსების ამხანაგობები ამტკიცებენ, რომ მცხოვრებთა მიერ გადახდილი თანხები ლიფტების გამართულად ფუნქციონირებას ხმარდება, თბილისის მცხოვრებლების ნაწილი მაინც მოძველებული, საფრთხის შემცველი და გაუმართავი ლიფტების პრობლემებზე საუბრობს.