მინიმალური ხელფასი საქართველოში შესაძლოა, თვეში არანაკლებ 320 ლარი გახდეს

მინიმალური ხელფასი საქართველოში შესაძლოა, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვროს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა პროფკავშირების გაერთიანებამ შეიტანა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარით. კანონპროექტის მიხედვით კი, მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა.

„ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია. კანონპროექტის რეგისტრაციის შედეგ საჭირო იქნება 30 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა,“-აღნიშნულია პროფკავშირების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კანონპროექტის მომზადებაზე მუშაობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელმაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით შესაბამისი კვლევა ჩაატარა.

თაია არდოტელი