ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.
სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც 280 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწების დაშრობას, უხვი ნალექის დროს ქობულეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის ნაწილის დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 342 000 ლარია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.
სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.