დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონპროექტს პარკირების საფასურის გაზრდის შესახებ, მას შემდეგ ეყრება კენჭი, რაც ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება.
მისივე თქმით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და “უთხრას არა საკუთარ ავტომობილს”.
„კანონპროექტი პარკირების საფასურის გაზრდის შესახებ სამი მოსმენით გავიდა და კენჭი არ ეყარა, ველოდებით ახალი ავტობუსების შემოყვანას, რითიც მთლიანად ჩანაცვლდება პარკი და შემდეგ ამოქმედდება ეს ჯარიმა. როდესაც უკვე გვექნება განახლებული ავტობუსების პარკი, შემდეგ ეყრება კენჭი და შევა ძალაში, მანამდე - არა. ასეა მთელ მსოფლიოში, ყველა ევროპულ ქალაქში, სადაც სატრანსპორტო რეფორმა განხორციელდა, არის ანალოგიური მიდგომები და დამოკიდებულება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, ყველაზე სწრაფი. როდესაც ჩვენ ამ პროექტებს ვაკეთებთ, იქმნება სპეციალური საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ ქალაქში ავტობუსები ყველაზე სწრაფად მოძრაობდეს, რადგან რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იმგზავროს ამით და თქვას არა საკუთარ ავტომობილზე. რაც შეეხება პარკირების ადგილებს, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 35 000-მდე საპარკინგე ადგილია დედაქალაქში”,- განაცხადა კახა კალაძემ.