დედაქალაქის შემდეგ, ტაქსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, შესაძლოა, რეგიონებშიც ამოქმედდეს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც თბილისშია მოწესრიგებული, ის ერთი კომპანიისა და მუნიციპალიტეტის მფლობელობაშია. სავარაუდოდ, სწორედ ამ მეთოდით მოხდება ძირითად ქალაქებში სფეროს რეგულირება.
ქვეყნის დიდ ქალაქებში, თბილისის მაგალითზე მოხდა პარკირების საბარათე სისტემის შექმნა. სავარაუდოდ, სწორედ ამ სცენარით განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის ლიცენზირების საკითხიც.
რეგიონებში ტრანსპორტის მომსახურების პრობლემაა. რამდენიმე ქალაქში სამარშრუტო ტაქსების და მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების სამუშაო დღე 18 საათზე მთავრდება. კიდევ უფრო მძიმე სურათია სოფლებში, სადაც რაიონული ცენტრებიდან რეისები დღის მეორე ნახევარში საერთოდ არ სრულდება. სამარშრუტო ტაქსებისგან გასხვავებით, ავტობუსები თვითმმართველობებს ექვემდებარება. გამგეობების ნაწილი საკანონმდებლო ხარვეზზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტისა და ზოგადად გადაადგილების პრობლემა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მწვავედ დგას, ,,რეზონანსის” ინფორმაციით, ლიცენზირებისა და რეგულირების საკითხი, ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისსა და ბათუმს შეეხება.
"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ თბილისში ტაქსებთან დაკავშირებულ ცვლილებებს საერთო არაფერი აქვს რეფორმასთან და გაუაზრებელი რეგულაციების ნაკრებია. თანაც, თუკი, რეფორმა მთელ ქვეყნაში არ განხორციელდა, შედეგი არ იქნება.
,,პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით, რომ დედაქალაქის ანალოგი არ შეიძლება განხორციელდეს სადმე, რადგან ეს არ არის რეფორმა, ეს გაუაზრებელი რეგულაციების ნაკრებია. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არ იმუშავებს ტაქსის შემთხვევაში ერთიანი სისტემა, ამას აზრი არ ექნება და იქნება როგორც თბილისშია, როცა რუსთავში ან მარნეულში რეგისტრირებული ავტომობილები ჩამოდიან ლიცენზიისა და იმ პირობების დაკმაყოფილების გარეშე, რაც მხოლოდ თბილისში მოქმედებს. ასე მოხდება რეგიონებშიც. ბათუმში ქობულეთიდან ან ბათუმის სოფლებიდან ჩავლენ, ქუთაისში ზესტაფონიდან და წყალტუბოდან.
ამიტომაც ერთიანი სისტემაა აუცილებელი და არა ნაგლეჯ-ნაგლეჯ რეფორმა, რაც დღეს ხორციელდება ჩვენთან.
სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ის მიდგომები, რასაც ჩვენ, სპეციალისტები ვუზიარებდით. არც დედაქალაქი და არც სხვა რომელიმე ქალაქი, რა თქმა უნდა, მზად არაა ტაქსის რეფორმისათვის, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დონეზეა მოუწესრიგებელი. რეგიონული ცენტრებისგან მოშორებით უფრო რთული მდგომარეობაა გადაადგილების მხრივაც”, - აცხადებს ურუშაძე ,,რეზონანსთან”.
ქუთაისს უკვე 12 წელია, აღარ გააჩნია მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემა. ამჟამად ქალაქში მგზავრებს ემსახურება ტენდერებში გამარჯვებული ათზე მეტი კომპანიის ავტოტრანსპორტი, რომლის მდგომარეობა და მომსახურების ხარისხი ბევრს არ მოსწონს და ხშირად აპროტეტსტებენ ადგილობრივები.
თებერვალში ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ცხვედიანი ვერ აკონკრეტებდა, რა თანხა დასჭირდება მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შექმნას, თუმცა ამბობდა, რომ დაპირება, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში შესრულდება და პირველ ეტაპზე მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადავა 10 საავტობუსო ხაზი. თებერვლამდე მხოლოდ 4 თვე დარჩა, თუმცა ქუთაისში ამ მხრივ ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილა. არავინ აკონკრეტებს მმართველ უმრავლესობაში არც იმას, ემზადება თუ არა დასავლეთ საქართველოს მთავარი ქალაქი, თბილისის მოდელზე გადასასვლელად, როცა ავტობუსები მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მიკროავტობუსები ერთ კომპანიას, ხოლო ტაქსების ლიცენზირება და სხვადახვა რეგულაციებში მოქცევა უკვე დაწყებულია.
თბილისში გატარებული ცვლილებები რომ მასშტაბურ შედეგზე ორიენტირებული არ არის, ამბობს საავტომობილო სფეროს სპეციალისტი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დათო მესხიშვილიც.
,,რეფორმა ვერ იქნება ის, რის შესახებაც არც კვლევაა ჩატარებული და არც ის ვიცით, რა შედეგზე უნდათ გასვლა. მეტიც, ეტაპებიც კი არ არის გამოცხადებული, ახლა რომ თვითდასაქმებულია მძღოლი, რა უნდა დააკმაყოფილოს მომავალ წელს. სრულიად უპასუხისმგებლოდ მიმდინარეობს პროცესი. ასე რომ, თბილისის მაგალითი ვერ გამოდგება რეგიონებისთვის, რადგან ერთადერთი რაც საბოლოოდ მოხდება, არის ტაქსის ბიზნესის გამსხვილება და თვითდასამქებულთა გაქრობა ამ ბაზრიდან.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სანამ არ გვეცოდინება თითოეულ ქალაქს რა გეგმა აქვს და ასევე სანამ ქვეყნას არ ექნება საერთო სატრანსპორტო სტრატეგია, ძალიან რთულია რამეზე საუბარი. ფაქტია, ეს არ უნდა იყოს ისე, როგორც კომუნისტური მანკიერი პრაქტიკით დღემდე გრძელდება, როცა ყველაფერი სახელმწიფოსია”, - განაცხადა მესხიშვილმა.