გენერალური პროკურორის 29 ოქტომბრის ბრძანებით, მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დამტკიცდა.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გენერალური პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 600 ლარია; მისი პირველი მოადგილის - 6 200 ლარი; გენერალური პროკურორის მოადგილის - 6 000 ლარი; დეპარტამენტის უფროსის - 5 600 ლარი; ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის -4 100 ლარი, სამმართველოს უფროსს კი - 3 500 ლარი აქვს.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, I კატეგორიის მრჩეველთა ანაზღაურება 1500-2400 ლარის ფარგლებშია; ხოლო II კატეგორიის მრჩევლების - 1500-1800 ლარის ფარგლებში.
დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 000 ლარია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კი - 2 900 ლარი. ასევე როგორც დოკუმენტშია მითითებული პროკურატურაში სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება 480 ლარია.
ბრძანებაში განსაზღვრულია ასევე თბილისის პროკურატურის ყოველთვიური სარგოებიც. კერძოდ, თბილისის პროკურორს თვეში 5 600 ლარი, პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსსა და პროკურორის მოადგილეს კი, 4100-4100 ლარი აქვთ. განყოფილების უფროსის ყოველთვიური სარგო 3 270 ლარია, მის მოადგილეს - 3000 ლარი, პროკურორს - 2455 ლარი, უფროს გამომძიებელს კი 2 500 ლარი აქვს.