ტრანსპორტზე, ბანერებზე, მედიაში აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს.
აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში ახალი კანონპროექტი წარადგინა.
კერძოდ, პროექტის თანახმად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხს.
„კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატული მეტრ ფართობს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება სანქცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აზარტული/მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო დაჯარიმების საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება (წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით) ყოველ 1 თვეში.
შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილისა და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებულ წინა კანონპროექტს, მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.