რა შემოსავალს იღებს Facebook

კომპანია Facebook-ის შემოსავლები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 27%-ით გაიზარდა და 17,652 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ამასთან, კომპანიის შემოსავლებში მთავარი წილი მოდის რეკლამიდან შემოსულობებზე, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით 17,383 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი.

მესამე კვარტლის ფინანსური დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კომპანიას ასევე გაეზარდა სუფთა მოგება, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა, რაოდენობრივად კი 6 მილიარდი დოლარი.

ამავდროულად 8%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აღნიშნულ სოციალურ ქსელში რეგულარულად შედიან. მათმა რიცხვმა 2,45 მილიარდი შეადგინა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში სულ ცოტა თვეში ერთხელ მაინც შედიან. რაც შეეხება დღეში ერთხელ შემსვლელებს, მათი რაოდენობა 1,62 მილიარდია. ზრდა ამ შემთხვევაში 9%-ია.

კომპანია Facebook მარკ ცუკერბერგმა 2004 წლის 4 თებერვალს მის სამ თანაკურსელთან ერთად ჰარვარდის უნივერსიტეტში დააფუძნა. აღნიშნული სოციალური ქსელი უმსხვილესია მსოფლიოში.

კოკა კვირკველია