Global Finance-მა „თიბისის“ მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance, პირველად ისტორიაში, „თიბისის“ მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ჯგუფი ავრცელებს.

ჯილდო ბანკმა 2019 წელს საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისთვის მიიღო.

„ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის აღიარება. ეს ჯილდო კიდევ ერთხლ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ მუშაობას მუდმივად შესთავაზოს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ციფრული მომსახურება და პროდუქტები“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, „თიბისი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

გარდა ამისა, აღნიშნულზე ასევე კომენტარი გააკეთა Global Finance-ის რედაქტორმა და გამომცემელმა, ჯოზეფ ჯარაპუტომ.

„ამ წლის გამარჯვებულები ძლიერი სტრატეგიის მიხედვით გამოვავლინეთ, რომლის ფარგლებში ისინი მომხმარებლებს ინოვაციურ ციფრულ სერვისებს და მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობენ და მუდმივად ზრდიან ონლაინ მომხმარებლების რაოდენობას“, - განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance“ 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით მსოფლიოს 188 ქვეყანაში გამოიცემა. „Global Finance“-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

აღსანიშნავია, რომ Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, „თიბისი“ ბანკს Global Finance-ისგან სხვადასხვა კატეგორიაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.