სემეკმა ორ კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 177 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა,- ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 22 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 9 საჯარო სხდომა გამართა და 268 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მომხმარებელთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
„კომისიამ სადავო საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 177 452 ლარი შეადგინა.
საჯარო სხდომებზე სადავო საკითხები განსახილველად წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების, რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების, ასევე ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც,”-აცხადებენ სემეკში.