ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური მცირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა.

ცვლილების მიხედვით, ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდება. შემცირებული საფასურის გადახდა მოქალაქეს 24 თვის განმავლობაში შეეძლება.

სემეკის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში" შესატანი ცვლილებათა პაკეტი გამანაწილებელ კომპანიებს დაავალდებულებს, ზედმიწევნით დაიცვან მომხმარებელთა უფლებები და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში ხარისხიანად აწარმოონ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მხრიდან ვადების დარღვევა და ახალი აბონენტის ქსელზე მიერთება კანონით განსაზღვრულ ვადებს გადაცდება, მომხმარებელი მიერთების საფასურის 50%-ის გადახდისგან გათავისუფლდება.

ცვლილებების მიხედვით, გაუმჯობესდება გამანაწილებელ ქსელზე დაერთების ტექნიკური სამუშაოების ხარისხი და მის მოვლა-პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.