სიგარეტის კონტრაბანდაზე  აღძრული საქმეების რაოდენობა 211%-ით გაიზარდა -  რა შედეგი აქვს ახალ საგადასახადო რეგულაციებს

თამბაქოზე აქციზის მომატებით ქვეყანას არც დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლები და არც სხვა სარგებელი მიუღია. ამის შესახებ ACT Impact-ის კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორამციით, გარდა იმისა, რომ აქციზის ზრდამ მოსახლეობის ნაწილი უხარისხო პროდუქტის მოხმარებაზე გადაიყვანა, ქვეყნისთვის სხვა უარყოფით შედეგებიც მოიტანა.

კერძოდ, ACT Impact-ის ინფორამციით, ეს არის ინფლაციის ზრდა - „სიგარეტი პირველადი მოხმარების საქონელს წარმოადგენს (სამომხმარებლო კალათაში სიგარეტს 3.01%-იანი წილი უკავია). შესაბამისად, სიგარეტის ფასის ხელოვნური ზრდა პირდაპირ მოქმედებს ინფლაციაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ბოლო შეფასებაში მიუთითებს, რომ „აგვისტოში უფრო მაღალი ინფლაცია (4.9 პროცენტი, წინა წელთან შედარებით) ასახავდა თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას, საკვების უფრო მაღალ ფასებს და ლარის გაუფასურებას“. სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ „საჭიროა 2019 წლის აქციზის გადასახადებში ზარალის გამოსწორების გზების ძიება“,-აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაცია აქციზის ზრდის კიდევ ერთ უარყოფით შედეგად ვაჭრობის შემცირებას ასახელებს. მათი ინფორმაციით, მომხმარებელი უფრო იაფიან და შესაბამისად, უფრო დაბალი ხარისხის მქონე ალტერნატივას ირჩევს.

„იზრდება გასახვევი თუთუნის რეალიზაცია, რომელიც აქციზით არ იბეგრება, რაც ამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს და ქმნის მხოლოდ ილუზიას, რომ სიგარეტის მოხმარება მცირდება. გასაკვირი არაა, რომ 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2019 აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი მილიარდ 287 მილიონი ლარია, რომელიც, 175 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. სამინისტრო აღიარებს, რომ ამის მიზეზი გასახვევი თუთუნის მოხმარების ზრდაა“,- ნათქვამია კვლევაში.

არალეგალური ბაზრისა და კონტრაბანდის გაზრდა - ეს კიდევ ერთი საკითხია, რასაც ACT Impact აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციზის გადასახადის უეცარი და მკვეთი გაზრდა ხელს უწყობს თამბაქოს არალეგალური ბაზრის განვითარებას. არალეგალური ბაზარი კი ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო ხდება.

„იწყება თამბაქოს პროდუქტების არაკანონიერი წარმოება, იმპორტი, ექსპორტი ან გაყიდვა. ამგვარ კავშირს ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების გამოცდილებაც (მოლდოვა, პოლონეთი, ბულგარეთი და უკრაინა) ადასტურებს. ACT Impact-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აქციზის გაზრდის შემდეგ არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან - წლიურად საშუალოდ 10%-ით, ხოლო თურქეთიდან 34%-ით მოიმატა. საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში სიგარეტი გაცილებით იაფი ღირს, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი კონტრაბანდული გზით შემოდინების რისკს. სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობა 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 211% -ით არის მომატებული, ამოღებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობა კი 148%-ით გაიზარდა. სიგარეტიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებულ შემოსავლებს 2018 წლის მესამე კვარტლიდან კლებადი ხასიათი აქვს. 2019 წლის მეორე კვარტალში წინა პერიოდთან შედარებით საბიუჯეტო შემოსავლების 34%-იანი კლება დაფიქსირდა.

კვლევა ადასტურებს, რომ აქციზის განაკვეთზე უფრო მეტად კონტრაბანდის ზრდას შესაბამისი სტრუქტურების სუსტი მოქმედება უწყობს ხელს. სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი კონტრაბანდის აღსაკვეთად. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საგადასახადო რეგულაციები ყველა სახის თამბაქოზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს“,- ნათქვამია კვლევაში.

ნინი ქეთელაური