„ეფლი“ მომხმარებელთა ნაწილს აფრთხილებს - განაახლეთ თქვენი „აიფონები“

კომპანია „ეფლი“ „ძველი“ აიფონებისა და აიპადების მფლობელებს აფრთხილებს, კვირამდე ბოლო IOS-ით განაახლონ თავიანთი მოწყობილობები, სხვა შემთხვევაში ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას დაკარგავენ. ამის შესახებ CNN წერს.

„2012 წელს და უფრო ადრე წარმოებული „აიფონებისა“ და „აიპადების“ მფლობელებს ვაფრთხილებთ, რომ თავიანთი მოწყობილობები 3 ნოემბერს, შუა ღამემდე განაახლონ, რათა App Store-ის, iCloud-ის, email-ისა და სხვა ვებგვერდების გამოყენების შესაძლებლობა და ინტერნეტთან წვდომა შეინარჩუნონ“, - ნათქვამია „ეფლის“ განცხადებაში.

კომპანიის განმარტებით, ეს ხდება იმის გამო, რომ GPS სისტემას ყოველ 19 წელში ერთხელ განახლება ესაჭიროება, რათა დრო და თარიღი დააფიქსიროს.

განახლებისკენ მოწოდება iPhone 5-ის, 4-ის, iPad mini-ს, iPad 2-სა და ამ თაობის სხვა მოწყობილობებს ეხებათ.

CNN-ის მიხედვით, iPhone 5-სა და მე-4 თაობის iPad-ზე iOS 10.3.4-ის განახლება, ხოლო iPhone 4S-ზე, iPad mini-ზე (1-ლი თაობა), iPad-ზე (მესამე თაობა), iOS 9.3.6-ის განახლებაა შესაძლებელი.

მარიამ მენაბდიშვილი