ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან რამდენიმე ცვლილება შედის ძალაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ იმ მთავარ სიახლეებს გთავაზობთ, რაც ქვეყანაში ამოქმედდა.

1-ლი ნოემბრიდან დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები 1-ლი ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.

ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი - საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.

მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები არ გავრცელდება 1-ლ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე.

1 ნოემბრიდან ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ

დღეიდან ჯარისკაცებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ. ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოქტომბერში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელფასები სამხედრო წოდების მიხედვით გაიზრდება და ის 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.

მისი განცხადებით, ხელფასების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ.

ნოემბერში საქართველოს საავიაციო ბაზარზე ფრენებს Ryanair იწყებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება. 7 და 9 ნოემბერს კი უკვე ფრენები ქუთაისის აეროპორტში მარსელიდან და ბოლონიიდან შესრულდება.

ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • მილანი-თბილისი-მილანი - 6 ნოემბრიდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • მარსელი-ქუთაისი-მარსელი - 7 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია - 9 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
თაია არდოტელი