ნოდარ ხადური: 8 თვის მონაცემებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ათვისებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მტკიცებით, 8 თვის მონაცემებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ათვისებულია.

როგორც ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მონაცემებს ასახავს. ''მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის განცხადებები, რაც გაკეთდა. თუ ნახავთ 8 თვის შედეგებს, სიტუაცია არის მნიშვნელოვნად შეცვლილი და ათვისების თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა. რაც შეეხება ტენდერებს, სამწუხაროდ, ტენდერების ბუნებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში ხდებოდა შეფერხება, თუმცა სიტუაცია აქაც გამოსწორებულია", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 8 თვის შედეგებით, გამოსწორებულია გრანტების ნაწილში დაფიქსირებული პრობლემაც.

პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში შევიდა, რომლის თანახმადაც, შემოსულობების ნაწილში ყველაზე დიდი შეუსრულებლობა ვლინდება გრანტებში, სხვა შემოსავლებში, ფინანსური აქტივების კლებაში, მათ შორის - ვალდებულებების ზრდაში.

ანგარიშის თანახმად, მთლიანად შემოსულობებს 155 მილიონი დააკლდა, გრანტებს – 53 მილიონი, სხვა შემოსავლებს – 33 მილიონი, ფინანსურ აქტივებს – 6 მილიონი, ვალდებულებების ზრდას, ანუ სესხებს – 176 მილიონი.