„თუ სწრაფად არ მივიღეთ ზომები, მალე ეკოლოგიური კატასტროფა გველის“ - რითი ჩანაცვლდება საქართველოში პლასტიკის ჭურჭელი?

ბოლო 50 წელია, პლასტიკის ინდუსტრია აქტიურდება და მისმა წარმოებამ ისტორიულ პიკსაც მიაღწია.

Earthday.org-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, წლიურად, დაახლოებით, ერთი ტრილიონი პლასტიკის პარკი გამოიყენება, ჭიქების რაოდენობა 500 მილიარდს აღწევს, რომ არაფერი ვთქვათ, საწრუპებისა და პლასტიკის შესაფუთი მასალის მოცულობაზე.

პლასტიკის მოხმარებამ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ წყნარ ოკეანეში ნარჩენების კუნძული (პაჩი) წარმოიქმნა, რომელიც 2018 წლის მონაცემებით, 600 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავდა. დაბინძურება იმდენად მასშტაბურია, რომ ოკეანის კუნძულისგან გაწმენდის მოწყობილობაც შექმნეს, თუმცა თუ პლასტიკის მოხმარება მინიმუმამდე არ შემცირდება, ალბათ, ეს მოწყობილობა კიდევ რამდენიმე ასეული წელი გაწმენდს ოკეანეებს ასეთი „კუნძულებისგან“.

პლასტიკით დაბინძურების პრობლემის წინაშე ჩვენი ქვეყანაც დგას. პოლიეთილენის პარკს, საწრუპს, ჭიქას, ჩანგალსა თუ თეფშს დეგრადირებისთვის ასეულობით წელი სჭირდება. ამიტომაც არის, პიკნიკზე დატოვებული პლასტიკის ნარჩენები მეორედ მისულებს რომ ადგილზე გვხვდება.

საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება შეზღუდულია, თითქმის ყველა მაღაზია ბიოდეგრადირებად პარკს ყიდის, ან მოგიწევთ, ნაჭრის ჩანთით იაროთ.

მიუხედავად ამისა, პლასტიკის ერთჯერადი თეფშებისა და საწრუპების უკონტროლოდ გამოყენებას მაინც ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივყავართ. ერთადერთი ალტერნატივა კი ჩანაცვლებაა.

საფრანგეთი იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელმაც 2016 წელს პლასტიკის თეფშები და ჭიქები აკრძალა. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, პლასტიკის მოხმარება ბიოდეგრადირებადი ნაწარმით ჩაანაცვლოს. ბაზარზე გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ბიოდეგრადირებადი ჭურჭლისა და ჩანთების წარმოებით არიან დაკავებულები და ევროკავშირის ქვეყნებში მათ პოდუქციას წარმატებაც ხვდა წილად.

რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში?

კვების ობიექტებში შესულებს, სამწუხაროდ, ისევ პლასტიკის საწრუპის გამოყენება გვიწევს. ლანჩის შეძენისას პროდუქტებს პლასტიკის კონტეინერებში გვიწყობენ. კონტროლდება პოლიეთილენის პარკები, თუმცა ჭურჭელი - არა.

მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭელთან დაკავშირებით კონკრეტული კანონი არ არსებობს, შეგვიძლია, კეთილი ნება თავად გამოვიჩინოთ და ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეები აღვკვეთოთ.

იმის გამო, რომ პლასტიკის ჭურჭლის ბიოდეგრადირებადით ჩანაცვლებაზე ბევრი ჩვენგანი ფიქრობს და ბევრიც ზომებს იღებს, საქართველოშიც გამოჩნდნენ ინიციატორი კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ეკომეგობრული პროდუქციის რეალიზაციით არიან დაკავებულები.

ერთ-ერთი მათგანი არის კომპანია Grandpack, რომელიც მზად არის, ნებისმიერ მსურველს, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ბიოდეგრადირებადი ჭურჭელი და საწრუპები მიაწოდოს.

კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი კაკაბაძემ განგვიმარტა, რომ კომპანიის მიდგომაა, ბიოდეგრადირებადი ჭურჭელი და აქსესუარები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.

„დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტი შეგვეთავაზებინა, რომელიც ძალიან საზიანო პლასტმასს შეცვლიდა. ეს იყო თავდაპირველი იდეა, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ, რადგან პლასტმასის ჩანაცვლებით ჩვენი ძალიან მცირე წვლილი შეგვაქვს გლობალური ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებაში. თუ სწრაფად არ მივიღეთ ზომები, მალე ეკოლოგიური კატასტროფა გველის.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ერთჯერადი გამოყენების თეფშებს, დანა-ჩანგლებს, კოვზებს, საწრუპებს და ა.შ. მიზნობრივი ბაზარი კი ძირითადად, ქსელური სასტუმროები, კაფეები და ბარებია, რომლებიც ამ ეტაპამდე პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელს იყენებენ, თუმცა ჩვენს მომხარებელთან აქტიური კომუნიკაციის გზით დავადგინეთ, რომ უმეტესობას აქვს სურვილი, პლასტმასი ხმარებიდან ამოიღოს“, - განაცხადა მან.

გიორგი კაკაბაძის განმარტებით, ბიოდეგრადირებადი მასალები უკვე ხელმისაწვდომია და კომპანია მზად არის, ნებისმიერი კომპანიის შეკვეთა მიიღოს და პლასტიკით გარემოს დაბინძურების შეჩერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

მისივე თქმით, აღნიშნული მასალების მისაღებად შემდეგ ნომერზე უნდა დარეკოთ: +995 577 44 54 02.