საგადასახადო ორგანოს შესაძლოა საბანკო დაწესებულებებიდან პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის უფლება მიეცეს

საგადასახადო ორგანოს საბანკო დაწესებულებებიდან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის უფლება შეიძლება მიეცეს.

ამასთან, მას საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემა.

შესაბამისი ცვლილებები სამ კანონში: "საგადასახადო კოდექსში", "კომერციული ბანკების შესახებ" კანონში და ასევე "ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" შედის, რომელიც საგადასახადო ორგანოების მიერ საბანკო დაწესებულებებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოების წესს არეგულირებს. ინიციატივის ავტორი მთავრობაა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ბანკიდან პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის უფლება გადასახადების ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და ასევე უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე ეძლევა.

კომერციული ბანკების შესახებ კანონის თანახმად, საბანკო საიდუმლო ინფორმაციის, ანგარიშების, ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციების და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს გარიგების მონაწილე მხარეებს, ანგარიშების მფლობელებს ან მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე კანონით გათვალისიწნებულ შემთხვევაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და ასევე სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმსრულებელ პირებს.