კერძო სექტორს შშმ პირების დასაქმებას კანონი დაავალდებულებს

დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს მთლიანად ორგანიზაციაში დასაქმებული პირების 4%-ზე ნაკლები

კერძო სექტორს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება კანონით დაევალება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონსა და „საგადასახადო კოდექსში" შედის. ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ" კანონშიც შევა.

საკანონმდებლო ინიციატივა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ვალდებულებას და დამსაქმებელთა დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასა და საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად კი ყველა დაწესებულება, ორგანიზაცია, საწარმო, მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომელშიც სრულ განაკვეთზე დასაქმებულია სულ ცოტა 25 პირი, ვალდებულია ასევე დაასაქმოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს მთლიანად ორგანიზაციაში დასაქმებული პირების 4%-ზე ნაკლები. ვალდებულება ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.

დამსაქმებელი, რომელიც არ შეასრულებს კანონპროექტის მოთხოვნას, ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს დაწესებულებაში არსებული საშუალო ხელფასის საკომპენსაციო თანხა დასაქმებისა და რეაბილიტაციის ფონდში, რომელიც ასევე ამ კანონპროექტით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერის მიზნით იქმნება- საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დასაქმებისა და რეაბილიტაციის ფონდი.

რამდენად ადეკვატურია ამ ეტაპზე აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანა და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მან შშმ პირებისთვის? ამ საკითხზე Bpn.ge ”სოც. კოდექსის” იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელს, გურამ კერესელიძეს ესაუბრა.

როგორც კერესელიძე ამბობს, ეს კანონი ადრეც მოქმედებდა, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ადრე გარკვეული ორგანიზაციები იყენებდნენ შშმ პირების სტატუსს და ადგილი ჰქონდა გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს.

გურამ კერესელიძე:  ”ეს არის ევროპული მოდელი, რომელიც კარგად მუშაობს ევროპის ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში ამ მოდელმა მახინჯი სახე მიიღო. იმედია, ახალი ხელისუფლება შექმნის შესაბამის კონტროლის მექანიზმებს, რომ ეს აღარ მოხდეს”.

კერესელიძის თქმით, ევროპული მოდელის მიხედვით, ორგანიზაციას, რომელსაც დასაქმებული ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბიუჯეტში გადახადილი გადასახადების 10% უკან უბრუნდება. კიდევ ერთი მოდელის მიხედვით, ორგანიზაცია საერთოდ თავისუფლდება გარკვეული გადასახადებისგან. არსებობს სხვა მოდელებიც... თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თანხები შშმ პირებისთვის იხარჯება. იქნება ეს გარკვეული პროექტების განხორციელება, მაგალითად პანდუსების გაკეთება თუ სხვა.

” ჩვენ კარგად გვაქვს შესწავლილი ევროპული პრაქტიკა. ისინი ერთ ნაბიჯს არ დგამენ, თუ კვლევა, გამოკითხვა ან შესწავლა თვითონ შშმ პირებთან ერთად არ მოხდა. ყველა საკითხზე ამ ადამიანებთან ერთად მსჯელობენ და ყველა პროექტს ამ ადამიანების ინტერესებს უქვემდებარებენ. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს საკითხები ძალიან მაღალ დონეზე განვითარდა. ჩვენს შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ საქართველოში პირდაპირ გადმოაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მოდელები და ეს სწორი არ არის. უნდა მოხდეს მოდელის მორგება ჩვენთან არსებულ რეალობასთან. ჩვენთან ძალიან რთული სიტუაციაა - ამ ადამიანებს გარეთ გასვლაც არ შეუძლიათ. მათ მოძრაობის საშუალება არ აქვთ, რადგან შესაბამისი პირობები არ არის. თუ შშმ პირი სამსახურამდე ვერ მივა, იმიტომ რომ პანდუსები არ არის ქალაქში და ის გადაადგილებას ვერ შეძლებს, რა აზრი აქვს ამ ცვლილებებს კანონში? ჯერ ამ ხალხის გარეთ გამოყვანა უნდა მოხდეს. და რაც მთავარია, მათთან კონტაქტია აუცილებელი, მათი აზრია უმნიშვნელოვანესი”, - ამბობს კერესელიძე.

თამარ კორკოტაშვილი