საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სამართალდამცველთა თანამშრომლობით მოქალაქეებს პოლიციის მიმართ კიდევ უფრო მეტი ნდობა გაუჩნდებათ.
მისივე თქმით, მთავრობას ამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში არსებულმა სისტემურმა პრობლემებმა აიძულა.
ამის შესახებ გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დღეს იწყებს ახალი ფუნქციის განხორციელებას. ეს გახლავთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. ბევრ განვითარებულ ქვეყანას მსგავსი მექანიზმი საერთოდ არ აქვს, მაგრამ იმ სისტემურმა პრობლემებმა, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომელთაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა, თვითონ ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდეგ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას გაგვხადა იძულებული, 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვქონია, რადგან სისტემა სრულად შეცვლილია და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს, სრულად ვითანამშრომლოთ ამ სტრუქტურასთან. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციის და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე“, - განაცხადა გახარიამ.