The Guardians-ი ვეგანი და ვეგეტარიანელი ტურისტებისთვის საუკეთესო ადგილებს ასახელებს

ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ისინი მოგზაურობისას აწყდებიან, არის მოძებნონ ისეთი კვების დაწესებულებები, რომლებიც მათთვის მისაღებ საკვებ პროდუქტებს შესთვაზებს.

გამოცემა The Guardians გვთავაზობს ევროპის საუკეთესო ქალაქებს, რომლებიც ვეგანი და ვეგეტარიანელი ტურისტებისათვის სრულებით მისაღებია.

რომი და ფლორენცია

იტალიის ქალაქებს შორის ვეგანი და ვეგეტარიანელი ტურისტებისათვის ყველაზე მეტ არჩევანს რომი და ფლორენცია სთავაზობს. შესაბამისი საკვების პოვნა აქ ფაქტობრივად, ყველა კვებით დაწესებულებაშია შესაძლებელი. იტალიის ქალაქებში თქვენ შეგიძლიათ ადგილობრივი პიცა, პასტა და ღვინო დააგემოვნოთ, რომლებიც ცხოველურ პროდუქტებს არ შეიცავს.

ბარსელონა და მადრიდი

ესპანეთში მოგზაურობისას ვეგან და ვეგეტარიანელ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივი წარმოების უამრავი პროდუქტი დააგემოვნონ. ამასთანავე, ბარსელონასა და მადრიდში შექმნილია სპეციალური პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს ვეგეტარიანული კვებითი დაწესებულებების მისამართებს აჩვენებს და მათ სასურველი ადგილმდებარეობის მოძებნას ძალიან უმარტივებს.

ლონდონი

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი ლონდონი გასულ წელს მსოფლიოს ყველაზე „ვეგან-მეგობრულ“ ქალაქად დასახელდა, სადაც სწრაფი კვების დაწესებულებებით დაწყებული ძვირად ღირებული რესტორნებით დამთავრებული მომხმარებელს საკვებს ცხოველური პროდუქტების გარეშე სთავაზობს.

სტოკჰოლმი

შვედეთის დედაქალაქის მოსახლეობის 30% აცხადებს, რომ გარემოს დაცვის მიზნით ისინი ცხოველურ პროდუქტებზე უარს ამბობენ. შესაბამისად, შვედეთში უამრავი კვებითი დაწესებულებაა, სადაც ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის ფართო არჩევანია.

ბუდაპეშტი

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული უნგრული სამზარეულო ხორცპროდუქტების სიმრავლით გამოირჩევა, ბოლო წლების განმავლობაში ბუდაპეშტი გაცილებით უფრო „ვეგან-მეგობრული“ გახდა, ვიდრე აქამდე იყო. აქ თქვენ შეგიძლიათ ტრადიციული უნგრული ვეგანური კერძები და ყველი, ასევე ტკბილეული და ღვინო დააგემოვნოთ.

ბექა ბერიაშვილი