25 წლის ჰოლანდიელმა მდინარეების პლასტიკისგან გამწმენდი ნავი შექმნა

მსოფლიო ოკეანის პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. ყოველწლიურად ოკეანეში 8.8 მილიონი ტონით მეტი პოლიეთილენის პარკი, პლასტმასის ბოთლი თუ სხვა პლასტიკური ნარჩენი ხვდება, რომლებიც ოკეანის ბინადრებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

6 წლის წინ მსოფლიო ოკეანის პრობლემებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა შექმნეს არასამთავრობო ორგაზიაცია The Ocean Cleanup (ოკეანის დასუფთავება), რომელიც ოკეანის ეკოლოგიურ პრობლემებს შეისწავლის და მისი ნარჩენებისგან გაწმენდას ცდილობს.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელია 25 წლის ჰოლანდიელი ბოიან სლათი, რომელმაც ოკეანის გადარჩენის ახალი გეგმა შეიმუშავა. მისი აზრით, ოკეანის პოლიეთილენის ნარჩენებისგან გასუფთავებას სჯობს, ისინი მსოფლიო ოკეანეში მოხვედრამდე განადგურდნენ.

ამისათვის მან რამდენიმეთვიანი შრომის შედეგად შექმნა სპეციალური ნავი, რომელიც მდინარეებში დაცურავს და ნარჩენებს აგროვებს.

აღსანიშნავია, რომ ნავი ეკოლოგიურად სუფთაა და მთლიანად მზის ენერგიაზე მუშაობს.

The Ocean Cleanup-ის განცხადებით, მას 1 დღეში 110 ტონა პოლიეთილენის ნარჩენის აღმოჩენა და შეგროვება შეუძლია.

ნავი სპეციალური სისტემით მუშაობს, რომელსაც მიწის სიღრმეში ჩამარხული ნარჩენების აღმოჩენა და შეგროვებაც კი შეუძლია.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს დაგეგმილი აქვთ 2025 წლამდე მსოფლიოს მასშტაბით 1 000 ყველაზე დაბინძურებული მდინარე გაწმინდონ, რითაც მსოფლიო ოკეანეში პოლიეთილენის ნარჩენების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებენ.

ბექა ბერიაშვილი