ნოდარ ხადური: არც ერთი, განსაკუთრებით მაღალი პრემია არ არის გაცემული, მათ შორის არც პროკურატურაში

არც ერთი განსაკუთრებით მაღალი პრემია არ არის გაცემული, მათ შორის არც პროკურატურაში.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე მტკიცებით, უწყება სიტუაციას აკონტროლებს.

"ჩვენ ვაკონტროლებთ ამ სიტუაციას. როცა ჯამურ ციფრს ვაცხადებთ, ჯამურმა ციფრმა მართლაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უკმაყოფილება. მაგრამ, როცა ვამბობთ, რომ, მაგალითად, 12-მა თანამშრომელმა 12 თვის განმავლობაში მიიღო ნახევარი მილიონი, ეს თვეში გამოდის 3 ათასი ლარი, რაც ხელზე ასაღებად 2 400 ლარს შეადგენს", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება მანქანების გამოცვლას, ფინანსთა მინისტრის თქმით, პროკურატურა 1000 ლარიანი მანქანით ვერ იმუშავებს. ”თავისთავად ცხადია, რომ პროკურატურას სჭირდება მანქანები და ხდება ძველი მანქანების ჩანაცვლება. როგორ გგონიათ 1000 ლარიანი მანქანით შეიძლება რომ პროკურატურამ იმუშაოს?!", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებმა 2013 წელს პრემიის სახით 1 646 027 ლარი მიიღეს, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში - 852 731 ლარის ოდენობით. რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებზე (გარდა თანამდებობის პირებისა) ამავე დროის პერიოდში გაცემულ პრემიებს - 2013 წელს პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემულია 4 254 830 ლარის ოდენობით პრემია, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი პრემია 3 114 115 ლარის ოდენობით.