„ხაჭაპურის ინდექსმა“ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.
ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.90 ლარი შეადგინა, რაც სექტემბერთან შედარებით 6.6%-ით; ხოლო გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 8.6%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ინდექსის ზრდას ხელი ყველა ინგრედიენტის გაძვირებამ შეუწყო. კერძოდ, ყველის ფასი - 12.5%-ით გაიზარდა; ხორბლის - 6.6%-ით; კარაქის, კვერცხისა და რძის ფასი - 3.4%-ით; ხოლო საფუარის - 0.1%-ით. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ზრდის ტენდენცია გამოწვეულია რძის სეზონური შემცირებითაც, რასაც „ხაჭაპურის ინდექსის“ ზრდა მოყვება. „ამასთან, ამავე პერიოდში, ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 12%-ით გაუფასურდა. 2019 წლის ოქტომბერში ლარსა და აშშ დოლარს შორის გაცვლითმა კურსმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და საშუალო მაჩვენებელმა 2,97 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოხმარებული სურსათის ნახევარზე მეტი იმპორტირებულია, ლარის გაუფასურებამ კი იმპორტირებული საქონლის ფასზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად, ამ ფაქტორმა ხაჭაპურის იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებზეც იმოქმედა, რომლებიც იმპორტირებული რძის ფხვნილით (ნედლი რძის შემცვლელი) იწარმოება, ასევე კარაქსა და ხორბალზე,“-ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში.