ბიუჯეტში სანქციებით შესული თანხა 35 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 35,3 მლნ ლარით გაიზარდა. როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2019 წლის 9 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 149,301 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 113, 951 მლნ ლარი.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი თანხა ადმინისტრაციული სამართალდარვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა, კერძოდ, 118,494 მლნ ლარი, აქედან ყველაზე მეტი 94,376 მლნ ლარი საგზაო ჯარიმებზე მოდის, 1,366 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობაზე, 1,903 მლნ ლარი კი გარემოს დაბინძურებაზე.

საზღვრის უკანონო დარღვევისთვის ბიუჯეტში სანქციებით 785,599 ლარი შევიდა; გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო - 7,027 მლნ ლარი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევაზე - 6,684 მლნ ლარი; სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო - 241,634 ლარი და ა.შ.

რაც შეეხება 2018 წლის მთლიან მაჩვენებელს - გასულ წელს „სანქციების“ მუხლით ქვეყნის ბიუჯეტში -154, 880 მლნ ლარი შევიდა.