ზოგიერთი დასახელების სიგარეტი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, საუბარია "ფილიპ მორისის" მიერ შემოტანილ ისეთ ბრენდებზე როგორიცაა: „Philip Morris-ი“, “პარლამენტი“, „Marlboro“, „L&M-ი“ და ა.შ. აღნიშნული პროდუქციის ფასი 20 თეთრით გაიზარდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთ თამბაქოს ჯიხურში განუცხადეს, უახლოეს მომავალში გაძვირება ყველა დასახელების სიგარეტს შეეხება.
„ჯერ-ჯერობით, "Philip Morris-მა" გაძვირა თავისი პროდუქცია. როგორც ვიცით, უახლოეს დღეებში ყველა ბრენდის სიგარეტი გაძვირდება. სავარაუდოდ, 20 თეთრით“,- აცხადებენ ჯიხურში.
ცნობისთვის, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.
აღნიშნული ცვლილების შემდეგ პროდუქტზე ფასი უკვე მესამედ გაიზარდა.