ნათია თურნავა წყალტუბოს შესახებ - მხარდასაჭერია ინიციატივა, რომლითაც ივანიშვილი გამოვიდა სრულიად საქველმოქმედო ფორმატში, რადგან ეს ყოველგვარი უკუგების გარეშე კეთდება

მხარდასაჭერია ინიციატივა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, ასე ვთქვათ, სრულიად საქველმოქმედო ფორმატში, რადგან ეს ყოველგვარი უკუგების გარეშე კეთდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ და უპასუხა კითხვას, შედგა თუ არა სანატორიუმების კერძო მეპატრონეებთან რაიმე სახის შეთანხმება.

„წყალტუბოს პროექტი არის რევოლუციური გარღვევა, დიდი გამოწვევა და ძალიან დიდი ინვესტიცია, აქ რამდენიმე მილიარდ დოლარზე იქნება საუბარი, რადგან ჩვენ ეს პროექტი ადრეც გვქონდა შეფასებული. სწორედ იმიტომ, რომ ეს პროექტი ესოდენ ძვირადღირებულია, საჭიროებს ერთიან მიდგომას, არის მაღალი ბიზნეს რისკები, დღემდე ვერც ერთი ბიზნესი, ცალკე აღებული, მას ვერ გაუმკლავდა. აქედან გამომდინარე, სრულიად გამართლებულია და რა თქმა უნდა, მხარდასაჭერია ის ინიციატივა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, სრულიად საქველმოქმედო ფორმატში, ასე ვთქვათ, რადგან ყოველგვარი უკუგების გარეშე კეთდება ეს, რომ მოხდეს კომპლექსურად ამ ტურისტული რეგიონის, ქალაქის აღორძინება და განვითარება.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, როგორიცაა, კერძო მეპატრონეებთან ურთიერთობა, ამ ნაწილში ჩართულები არ ვართ, მაგრამ განვმარტავ, რომ გამომდინარე იმ მაგალითიდან, რაც გვაქვს თუნდაც აბასთუმანში, ინიციატორის მოწოდება მათ შორის იყო კერძო ბიზნესის მიმართაც, რადგან ის ასრულებს ე.წ. ყინულმჭრელის ფუნქციას და თუკი კერძო ბიზნესი მას აჰყვება და შემოუერთდება, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში, ეს იქნება სწორედ ის კომპლექსური კონცეფცია, სადაც ქველმოქმედი, სახელმწიფო და კერძო ბიზნესი თანამშრომლობს და ეს უფრო დააჩქარებს პროექტის განვითარებას. რა პირობით გადაეცემათ, ესაა ის დეტალები, რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე ღირებული ამ ინიციატივაში არის ის სამომავლო ინვესტიცია, რაც განხორციელება, რადგან ის ათჯერ და მეტად აღემატება თუნდაც დღევანდელ ღირებულებას ამ ობიექტებზე“, - განაცხადა თურნავამ.

მანვე პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, თუ როგორ წარმოუდგენია, კონკრეტულად რას მოიცავს პროექტი - ახალი სასტუმროების აშენებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, თუ სხვა.

„ეს იქნება ახალი სასტუმროებიც, ეს იქნება ძველი ისტორიული ღირებულების მქონე ულამაზესი სასტუმროების აღორძინება, ეს იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება - სწორედ ამას ჰქვია კომპლექსური მიდგომა. რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის სწორედ ის კომპონენტები, რომელიც როგორც კი იქნება დამუშავებული, თქვენთვის გახდება ცნობილი”, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.