"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ ინვესტორებს, რომ დროულად ჩამოყალიბდნენ ამასთან დაკავშირებით"

ჩვენი დერეფნისა და საქართველოს პორტების გავლით ტვირთბრუნვის ზრდა იმავდროულად გამოწვევაცაა - სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანაკლიის პორტი კრიტიკულად დაგვიანდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ფოთისა და ბათუმის პორტებში გაზრდილია ტვირთბრუნვა, თუმცა ინფრასტრუქტურა არაა შესაბამისი და უპასუხა კითხვას, ერთი მხრივ, თუ იგეგმება ინფრასტრუქტრის გაუმჯობესება და მეორე მხრივ, უნდა შეეშველოს თუ არა ანაკლიის პორტი ამ ტვირთბრუნვას.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მოცემულობაა, ტვირთბრუნვა ჩვენი დერეფნის გავლით და საქართველოს პორტების გავლით ძალიან სწრაფად იზრდება. მაგალთად, სტატისტიკასაც მოგახსენებთ, გასულ 8 თვეში ფოთის პორტის მიმართულებით მთლიანი ტვირთბრუნვა გაზრდილია 37%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ვინაიდან ფოთის პორტის დიდი ნაწილი კონტეინიზირებული ტვირთია, ამ ნაწილში კიდევ უფრო მაღალი ზრდაა - 45%. ბათუმის პორტში შედარებით მოკრძალებული ზრდაა, რადგან იქ მაინც ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომელიც ისტორიულად იკლებს, რადგან როგორც წესი, მიმწოდებელი კომპანიები მილსადენებს არჩევენ ხოლმე, მაგრამ იქაც არის 5%-იანი ზრდა კონტეინერებში და ესეც არის საკმაოდ მაღალი ზრდა”, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ზრდა გამოწვევაცაა.

„ეს ზრდა იმავდროულად არის გამოწვევაც და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ, მთავრობის წევრები ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანაკლიის პორტი კრიტიკულად დაგვიანდა, სწორედ ამას ვგულისხმობთ. რეალურად, შეთანხმების მიხედვით, ანაკლიის პორტი უკვე უნდა ყოფილიყო ოპერირებაში და შეეშველებოდა რასაკვირველია, პორტსაც და ბათუმსაც იმ ნაწილში, რასაც ჰქვია კონტეინერების გადამუშავება, რადგან უფრო და უფრო იმატებს კონტეინიზირებული ტვირთი ჩვენს რეგიონში. ეს ზრდა გრძელდება უკვე ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ რა რეფორმებს ვატარებთ ჩვენ ინფრასტრუქტურის გამარტივებისა და განვითარების თვალსაზრისით, იქნება ეს რკინიგზა, გზების მოდერნიზაცია და გაფართოება, თუ ზოგადად დერეფანში რეფორმების გატარება ამ თვალსაზრისით, აბრეშუმის გზის გასწვრივ, ჩვენ უნდა ველოდოთ ძალიან სწრაფ ზრდას.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი, აქედან გამომდინარე ჩვენ მოვუწოდებთ ინვესტორებს, რომ დროულად ჩამოყალიბდნენ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურნავამ.