"წარმატებით დაგვირგვინდა მოლაპარაკებები კომპანია IndiGo-სთან, რომელიც ინდოეთთან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს"

კომპანია IndiGo-სთან მოლაპარაკებები, რომელიც დელისთან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს, წარმატებით დაგვირგვინდა - პირდაპირი მიმოსვლის გაჩენის შემდეგ ფრენის ხანგრძლივობის პრობლემა მოიხსნება და ინდოეთიდან ტურისტების ნაკადის ძალიან სწრაფ ზრდას უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა ზოგადად ტურიზმის შესახებ და ასევე, საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლისა და საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, IndiGo-ს შემოსვლასთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია, რომელიც პირველ რიგში, არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივი დარგი, მუდმივად ტოპ 3 დარგშია, რომელიც ყველაზე სწრაფად იზრდება. მაგრამ გარდა ამისა, ეს არის დარგი, რომელსაც ძალიან დიდი სოციალური პოზიტივი შემოაქვს ჩვენთვის, რადგან ტურიზმში ჩართულია არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირე ბიზნესი და კონკრეტული ოჯახები, საოჯახო სასტუმროების სახით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რუსეთის ფრენების შეჩერების ფონზე მაქსიმალურად რაღაცნაირად შევარბილოთ ეს დარტყმა და გავაკეთოთ მეტი დივერსიფიკაცია. იცით, რომ უკანასკნელ თვეებში ჩვენი თანადგომით და ძალისხმევით პრაქტიკულად გაორმაგდა გაცხადებული პირდაპირი ფრენების რაოდენობა, რაზეცაა საუბარი “ვიზეარის” მხრიდან, შემოვიყვანეთ კომპანია „რაინეარი“. ორივეა დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია, რომელიც ძალიან შეღავათიან ფასებში სთავაზობს როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს მგზავრობას. ახლა საუბარი არის, რომ დაგვირგვინდა წარმატებით ჩვენი მოლაპარაკებები კომპანია IndiGo-სთან, რომელიც ინდოეთთან, დელისთან შეასრულებს პირდაპირ ფრენებს. ესეც არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია, აქაც საუბარია შეღავათიან ფრენებზე. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი შემომატება ჩვენი ბაზრისთვის, რადგან ინდოეთი ერთ-ერთი პერსპექტიული ბაზარია. დღეს ვხედავთ, რომ ინდოეთის მხრიდან იმატებს ინტერესი საქართველოსადმი, მაგრამ ზრდა ჯერ კიდევ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც ჩვენ გვინდა - 5%-იანი ზრდა გვქონდა ჩვენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც გაჩნდება პირდაპირი მიმოსვლა, ძირითადი პრობლემა, რომელიც იყო ფრენის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული, მოიხსნება და ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ინდოეთიდან ტურისტების ნაკადი ძალიან სწრაფად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ყველას გილოცავთ ამ წარმატებას“, - განაცხადა თურნავამ.