საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტთან სატვირთო ავტომობილების დადგენილი წესის დარღვევით გაჩერება ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (74 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ პირებს, რომლებიც ავტოსადგომის მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს დაარღვევენ.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო პუნქტთან განთავსებული ( 20 კმ. რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე) და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - მიუთითებს, რომ აღნიშნული დარღვევებისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არარსებობა აფერხებს საბაჟო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებას და საკანონმდებლო დონეზე არ იცავს გადამზიდავების ინტერესებს.