აჭარაში 2 მილიარდამდე ინვესტიცია დაიკარგა?

აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის ყოფილი უფროსი ჯემალ ბერიძე აცხადებს, რომ აჭარაში 2 მილიარდამდე ინვესტიცია დაიკარგა.

როგორც ჯემალ ბერიძემ განაცხადა, ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს 13 ქვეყნიდან აჭარის მთავრობაში 39 საინვესტიციო წინადადება შევიდა, რომელთაგან დადებითად არც ერთი არ გადაწყდა.

"2013 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობაში საინვესტიციო წინადადებები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან შემოვიდა. მათ შორის, 4 - რუსეთიდან, 4 - უკრაინიდან, 6 - თურქეთიდან, 4 - ირანიდან, 2 - კორეადან, თითო - პოლონეთიდან, ჩინეთიდან, არაბეთიდან, ბელგიიდან, ამერიკიდან, აზერბაიჯანიდან და სირიიდან, სულ ჯამში $1,868,290,000 ოდენობით. განხორციელდა მხოლოდ $200 000 რაოდენობის ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ არც ერთ საინვესტიციო წინადადებაზე მთავრობის მხრიდან არ ყოფილა უარყოფითი პასუხი. ბევრი ინვესტორი კვლავ ელოდება პასუხს და მზად არის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, განახორციელოს ინვესტიცია", - აღნიშნა ბერიძემ.

როგორც ჯემალ ბერიძე განმარტავს, ის, რომ არ განხორციელდა პროექტები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიუძღვის ბრალი.

ჯემალ ბერიძე აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის უფროსის პოსტიდან 2014 წლის აპრილში გათავისუფლდა.