თბილისში საახალწლო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით რამდენიმე ტენდერია გამოცხადებული.
ჯამში, ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ინვენტარის შეძენაზე მერია ნახევარ მილიონზე მეტის დახარჯვას გეგმავს.
კერძოდ, ტენდერების ფარგლებში დაგეგმილია: საახალწლო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ხის ღობეების (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი/დემონტაჟი/დასაწყობება); ლითონის კონსტრუქციის ფერმებით აწყობილი თაღის (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი/დემონტაჟი/დასაწყობება); ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიის დეკორაციებით; სასცენო დეკორაციით მომსახურების; 2 მუსიკალური სცენით (მონტაჟი/ექსპლუატაცია/დემონტაჟი) მომსახურებისა და „სანტას კომპლექსით“ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
„სანტას კომპლექსი მოიცავს, 200 კვ. მეტრი ფართობის 2 სართულიან კონსტრუქციას, რომელიც უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან: პოდიუმი; 2 კიბე; წიგნის დიდი კონსტრუქცია; თოვლის ბაბუას ოთახი; თოვლის ბაბუას სახელოსნო; თოვლის ბაბუას კინო ჩვენების სივრცე; ცენტრალური როტონდა და სანტას სამზარეულო.
რაც შეეხება ცენტრალური ნაძვის ხის ანთებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დეკორაციებს, ცენტრალური ნაძვის ხის ანთებისადმი მიძღნილი ღონისძიებისთვის განკუთვნილ სცენაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დეკორაცია: სცენის დეკორაცია: მონიტორის იატაკი; სამმხრივი ეკრანიანი სვეტი; სარკის იატაკი; ქსოვილზე დაბეჭდილი ხის ქოხი; ყინულის კედელი; ყინულის სავარძელი; პვხ-ზე დაბეჭდილი ფიგურები. რკინიგზის ბაქანის დეკორაციები და აქსესუარები: საათი რკინის ბოძზე; გარე განათების რკინის ბოძი; რკინიგზის განთების ბოძი; სამგზავრო მატარებელი,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.