საქართველოში, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში შიმშილის ინდექსი გაუარესებულია.
ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილზეა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ სინამდვილე ბევრად მძიმეა, ვიდრე საერთაშორისო რეიტინგებში ასახული მონაცემები. რეალურად ქვეყნის 70% არასაკმარისად იკვებება.
ცოტა ხნის წინ „გლობალური შიმშილის ინდექსი“ გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილზე იმყოფება. კვლევა117 ქვეყანას მოიცავს. მასშტაბური კვლევის მიზანია, ფართოდ გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. ინდექსის მიზანია, გაზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
ინდექსი 4 კრიტერიუმით ითვლება: არასაკმარისი კვება (მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებს), წონის ნაკლებობა ბავშვებში, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა.
აღსანიშნავია, რომ შედეგების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ჩვენს შემთხვევაში მაჩვენებლები ასეთია:
– მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება – 7.9%;
– 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები – 4.3%;
– ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები – 10.5%;
– 5 წლამდე სიკვდილიანობა – 1.1.%
ამ კუთხით 2019 წლის მონაცემი, 2010 წელთან შედარებით, გაუარესებულია. საქართველოზე უკან რეიტინგში არიან თურქმენეთი, მონღოლეთი და ყირგიზეთი. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ უკრაინასა და ბელორუსს.
სპეციალისტები კიდევ უფრო მკაცრ შეფასებას იძლევიან. დღევანდელი სასურსათო ნორმები არის გენოციდი და ის სასწრაფოდ გადასახედია, - არსებულ ვითარებას ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. მისი თქმით, რეალურ ვითარებასთან შედარებით, საერთაშორისო კვლევები ოპტიმისტურად გამოიყურება.
,,საქართველო, მისი ბიოგეოკლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არ შეიძლება რომ შიმშილობდეს. ჩვენი რესურსი 10-12 მლნ ადამიანის გამოკვების შესაძლებლობას იძლევა. პრობლემა კვალავ იმპორტდამოკიდებულებაა, რადგან შემოსული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს იმ ხარისხს, რაც ჩვენ გვჭირდება.
ნამდვილად გვაქვს პრობლემები ბავშვთა კვებაში, განსაკუთრებით კი მთისწინეთში და უფრო მეტად მთაში. ეს კი დაახლოებით ქვეყნის ტერიტორიის 86%-ია.
ამ ფონზე, კვლევები რომელიც ტარდება, ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება. კვების ის რაციონი, რასაც ამ ბავშვების დიდი ნაწილი იღებს, იწვევს არა მხოლოდ ფიზიკურ, გონებრივ პრობლემებსაც.
ადამიანები, მიირთმევენ იმ საკვებს, რომელიც ხელმისაწვდომი და იაფია მათთვის. ეს არის, ძირითადად, პური. კალორაჟში პურის წილი დაახლოებით 62%-ია, რაც ნორმაზე გაცილებით მეტია.
კალორიულობით შეფასება სისტემურად მცდარი მიდგომაა. ეს ლენინმა გააკეთა თავის დროზე. ახლა საკვების მრავალფეროვნებით, დაბალანსებით და ინგრედიენტული უზრუნველყოფით ხდება შეფასება. რაციონში უნდა შედიოდეს, 10 ჯგუფში დალაგებული სხვადასხვა სურსათი. პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი და ა.შ. მთავარი ეს ბალანსია, რისი დეფიციტიცაა და განსაკუთრებით ეს დეფიციტი ბავშვებს აზიანებს.
იმ სასურსათო ნორმებს, რაც დღეს გვაქვს, ჰქვია გენოციდი. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გადაიხედოს, სხვა ყველა შემთხვევა კატასტროფაა.
დღეს ქვეყნის 70% არასაკმარისად იკვებება.
საქართველომ კვების ეროვნული სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, ეს არის გამოსავალი”, - აცხადებს აკადემიკოსი ,,რეზონანსთან”.
დადგენილია, რომ მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებათა 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ამ ფონზე, მაჩვენებლები, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს ეხებათ, შემაშფოთებელია.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტის მადონა კოიძის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა მოზარდებში, რის შედეგადაც იმატა მხედველობის, ძვლოვანი სისტემების პრობლემებმა და სხვადასხვა დაავადებებმა.
"ადამიანმა ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები ზომიერად უნდა მიიღოს, რაც საქართველოში განსაზღვრული სამომხმარებლო კალათის მიხედვით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხალხი ვერ მოიხმარს ხორცის იმ რაოდენობას, რაც სავალდებულოა. ბევრად უფრო მძიმე სიტუაციაა მოზარდებში. არასრულფასოვანი კვება მათ შემდგომ ცხოვრებაზე აუცილებლად უარყოფითად აისახება.
ვიმეორებ, სიტუაცია არის საგანგაშო. თუკი ახლა ჩვენ სწორად არ განვსაზღვრეთ მოზარდი თაობის კვების რაციონი, თუკი ახლა მოზარდებმა საკვების სათანადო დოზა არ მიიღეს, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება უკვე შემდეგ თაობებზე", - განუცხადა "რეზონანსს" მადონა კოიძემ.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"