რას ვყიდით ჩინეთში - TOP-5 პროდუქტი

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ბოლო პოზიციაზეა.

კერძოდ, სავაჭრო ბრუნვამ საქართველო-ჩინეთს შორის 772 378.4 ათასი დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით ჩინეთში.

საანგარიშო პერიოდში ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლე ჯგუფი სპილენძის მადნები იყო, რომლის ექსპორტიც 91 099.4 ათასი დოლარი იყო. მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 13 599.0 ათასი დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზე მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობებია, რომელთა ექსპორტმაც - 9 878.8 ათასი დოლარი შეადგინა.

ექსპორტირებული პროდუქტების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული რეაგენტები და კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები ინაწილებენ, რომელთა ექსპორტიც იანვარ-სექტემბერში, შესაბამისად, 1 980.2 ათასი და 1 751.2 ათასი დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 719.2 მლნ აშშ დოლარს (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ აშშ დოლარს (3.3 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

თაია არდოტელი