Huawei-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან წნეხი მათ შემოსავლებზე არ აისახება

სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei-ში ფიქრობენ, რომ აშშ-ის მხრიდან წნეხი, კომპანიის 2019 წლის შემოსავლებზე არ აისახება და იმავე დონეზე დარჩება, როგორზეც 1 წლის წინ იყო. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ედვარდ ჩჟოუმ განაცხადა.

„აშშ-სა და ჩინეთს შორის ახლა მიმდინარეობს სავაჭრო, ტექნოლოგიური ომი. ამერიკის მხრიდან ძალიან დიდი წნეხის მიუხედავად, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა კარგი ბიზნეს შედეგები“, - განაცხადა მან.

კომპანიის პრეზიდენტის თქმით, ჩინური კორპორაციის შემოსავლებმა მიმდინარე წლის 9 თევში 85,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს კი წინა წელთან შედარებით, 24,4%-ით მეტია.

„წინასწარი შეფასებით, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა იქნება იგივე, რაც გვქონდა გასულ წელს. მიუხედავად ასეთი მაღალი წნეხისა“ - დასძინა მან.

როგორც ცნობილია, Huawei-ს ჯამურმა შემოსავლებმა 2018 წელს 107,16 მილიარდი დოლარი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი - 8,81 მილიარდი.

კოკა კვირკველია