კომპანია Airbnb-მ განაცხადა, რომ წვეულების მოსაწყობი სახლების გაქირავებას წყვეტს და არასანქცირებული წვეულებების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური BBC ავრცელებს.
Airbnb-ის განმარტებით, სახლების ის მეპატრონეები, რომლებიც კომპანიის აკრძალვას დაარღვევენ და თავიანთ კერძო საკუთრებაში მსგვავსი ღონისძიებების გამართვის ნებას გასცემენ, საიტიდან ამოიშლებიან.
კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ჰელოუინის წვეულების დროს მომხდარ სროლას 19-დან 29 წლამდე ასაკის 5 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.
შემთხვევა Airbnb-ის საშუალებით დაქირავებულ ბინაში გამართულ წვეულებაზე მოხდა.
კომპანიის გენერალური დირექტორი ბრაიან ჩესკი მომხდარ ფაქტს „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა. ის წერს, რომ სახლის დამქირავებელს არ მიუთითებია, თუ რა მიზნით აპირებდა სახლის დაქირავებას. ჩესკმა განაცხადა, რომ მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით, უახლოეს მომავალში კომპანია რეგულაციების გამკაცრებას აპირებს.